საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სკოლებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლების საგანმანათლებლო პროგრამის (1995-2011 წ.წ.) ანგარიშის პრეზენტაციას და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, პროგრამის სამინისტროსათვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი არიან ტომბე, განათლების სპეციალისტები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში, წჯსკ-ი თექვსმეტი წელია თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, გამოსცა და საქართველოს ყველა სკოლას გადასცა ორი დამხმარე სახელმძღვანელო (ჯამში 282600 ცალი) და მეთოდური სახელმძღვანელოები მასწავლებლებისათვის (ჯამში 42700 ცალი), ჩაატარა ტრენინგები მასწავლებლებისა და ტრენერებისთვის, გამოსცა მეთოდური სახელმძღვანელო ტრენერებისთვის და კომპაქტ-დისკი მასწავლებლებისათვის, ატარებდა კონკურსებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. აღნიშნული პროგრამის ყველაზე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სჰს საფუძვლების ინტეგრაცია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სახელმძღვანელოებში და მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში.
ამიერიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამოუკიდებლად გაუძღვება სჰს-ს საფუძვლების სწავლებას. ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვასრულებთ მუშაობას სასკოლო განათლების მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ინფორმაციული ხასიათის დახმარების გაწევისათვის" - განაცხადა წჯსკ დელეგაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა არიან ტომბემ.
წჯსკ მიუკერძოებელი, ნეიტრალური, დამოუკიდებელი, ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს საქართველოში 1992 წლიდან, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტისაგან დაზარალებულ პირებს და ავრცელებს ცოდნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ.