ახალი ამბები
 
კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ ახალი სკოლების არქიტექტურული პროექტების ექსპოზიცია გაიმართა

2009-2011 წლებში საქართველოში 22 ახალი სკოლა ახალი სამშენებლო სტანდარტებით სამცხე-ჯავახეთში,  გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში აშენდება. 2 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ 9 საჯარო სკოლის არქიტექტურული პროექტების  ექსპოზიცია მოეწყო.

ექსპოზიციაზე სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი იყო ახალი დიოკნისის (მარნეული), მელაანის (გურჯაანი), ნოქალაქევის (სენაკი), ფუთის (ზესტაფონი), შიბლიანის (საგარეჯო), ჩიბათის (ლანჩხუთი), მუხურის №2 (ტყიბული), აბანოს (ქარელი) და ქვემო ნიქოზის (გორი) საჯარო სკოლების მშენებლობისთვის  მომზადებული  44 არქიტექტურული ნამუშევრი, რომელთაც ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ტენდერში გამარჯვებულები.

ახალი სამშენებლო სტანდარტები და სასკოლო ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესთან შესაბამისი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული, უსაფრთხო გარემოზე ორიენტირებული იქნება.

ექსპოზიციას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია გაეცნო.

”ვაპირებთ ათობით სკოლის აშენებას. წელს დავიწყეთ პროექტირებით. შემდეგ ვაპირებთ კონკრეტულ სამუშაოებზე გადავიდეთ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობა არა მხოლოდ ვიზუალურად  იყოს მომხიბვლელი, არამედ ფუნქციურადაც გამართული”, - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი თოდუა  არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი, არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, პროფესორი გიული გეგელია, არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი ნიკოლოზ აბაშიძე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლევან ბერიძე, მათ სკოლის სტანდარტებისა და საპროექტო მოთხოვნების შექმნაზე  იმუშავეს და რეკომენდაციები მოამზადეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ივნისში გამოაცხადა და იგი 2010 წლის მარტამდე გასტანს. სკოლების სამშენებლო სამუშაოები კი 2010 წლის ივლისის თვიდან 2011 წლის  ბოლომდე გაგრძელდება.

ტენდერებში წარმოდგენილი საპროექტო ნამუშევრების ექსპოზიციები მომავალშიც ჩატარდება.