27 მაისს, დიასპორის დღესთან დაკავშირებით ფორუმის „დიასპორა სამშობლოსთვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდნენ საკვირაო სკოლების მასწავლებლები და კონკურსის – „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები.
შესაბამისი პრიზები გამარჯვებულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან და კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად, გადასცა.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.