საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებულ კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
თამარ ღვამიჩავამ სიტყვით მიმართვისას ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით უმაღლესი განათლების დაწესებულებების ჩართულობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით მსგავსი ფორუმების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ფორუმის მიზანია, დამსაქმებელთა და ABET აკრედიტებული და მაძიებელი პროგრამების სტუდენტებს შორის კავშირების გაძლიერება, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობისთვის.
ფორუმში მონაწილეობდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ ABET აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებულად საქმიანობენ გამოყენებითი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინჟინერიის და საინჟინრო-ტექნოლოგიების (STEM) სფეროებში. ABET აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობაა.