საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ თემაზე: „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“, დანტეს საერთაშორისო დღისადმი (Dantedi 2025) მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.
მინისტრის მოადგილე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა და საქართველო-იტალიის ერთობლივ საგანმანათლებლო, უმაღლეს და სამეცნიერო პროექტებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრა.
დანტეს საერთაშორისო დღე (Dantedi 2025) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა და საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის კოლაბორაციასა და მისი სამომავლო გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა ასევე დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე. მისი თქმით, უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი - „დანტეს კაბინეტი“, ასევე, იტალიური ენა, სილაბუსის სახით, უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშია ასახული.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა 2024-2025 სასწავლო წლის საერთაშორისო პროექტის - „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ - შედეგები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონომ, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელმა, მსოფლიოში იტალიური სკოლების გაერთიანება ADASIM-ის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ემილიო ლოციმ, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში, პროფესორმა ალესანდრო სალაკონემ, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ITALS-ის ლაბორატორიის ექსპერტმა, ურბინოს უნივერსიტეტის კომუნიკაციის მეცნიერებათა, ჰუმანიტარული და საერთაშორისო კვლევების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯუზეპე მაუჯერიმ, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ, საოპერო მომღერალმა, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.