მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდების გავლის გარეშე.
იხილეთ, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N512 დადგენილება.
მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი არის საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს:
პირობითი ჩარიცხვის მსურველმა, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
გ) ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან/და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირის მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს სპორტის სამინისტრო.
პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო 2 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.