ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
თამარ ღვამიჩავამ სიტყვით მიმართვისას ყოველწლიური კონფერენციის სამეცნიერო ღირებულებასა და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ვარძიის კონფერენცია ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, მეორე მხრივ კი – ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
ვარძიის 3-დღიანი საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი მიზნებია – საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების პროცესში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა; ქართველ სტუდენტებში სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება; ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.
ვარძიის კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, რომელთა შერჩევა წინასწარ წარდგენილი თეზისების აქტუალობისა და ხარისხის მიხედვით მოხდა. მოხსენებები მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრებმა – ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა შეაფასეს.
თსუ-ის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ოქსფორდის, კემბრიჯის, ნოტინგემის, ინსბრუკის, ედინბურგის უნივერსიტეტების, ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს კოლეჯის, ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის, ათენის ნაციონალური კაპოდისტრის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა არქეოლოგები და მეცნიერები.
ვარძიის კონფერენციის სამეცნიერო მნიშვნელობას განსაზღვრავს უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების, სიახლეების, შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა-გაზიარება. კონფერენცია ქართველ სტუდენტ არქეოლოგებს საშუალებას აძლევს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების კვლევებს. გარდა ამისა, კონფერენციის დაარსების პირველივე წლიდან სამუშაო ენა ინგლისურია, რაც განსაზღვრავს ქართველი სტუდენტების მზაობას საერთაშორისო სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
ვარძიის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია, ეძღვნება ინგლისელი არქეოლოგის ბარონ ენდრიუ კოლინ რენფრიუს ხსნოვნას.