
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
რიგით მე-10 საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონია თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი საგრანტო ოფისი მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად იყვნენ ჩართული სამეცნიერო მიმართულებით ყველა იმ პროექტში, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება და ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
საგრანტო ოფისის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისის კოორდინატორმა თეონა დიასამიძემ და უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.