საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის მნიშვნელობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.