საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი ბიოფიზიკოსის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ბიოფიზიკის დოქტორმა, თამარ ზაალიშვილმა წიგნის – „მალხაზ ზაალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ პრეზენტაცია წარუდგინა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა კი სიტყვით გამოსვლისას გამოჩენილი აკადემიკოსის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მალხაზ ზაალიშვილი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი გახლდათ, რომლის სამეცნიერო ნაშრომები გამორჩეულია ფართო კვლევითი დიაპაზონით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა.
აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტისა და ბიო-მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრის დამაარსებელი. ასევე, საქართველოში ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ფუძემდებელი.
გამოჩენილი მეცნიერი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და შემდგომ უკვე, აკადემიის ნამდვილი წევრი.
მალხაზ ზაალიშვილი 1977 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.