საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებსა და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის — სწავლებისა და კვლევის ინოვაციურ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტრატეგიული განვითარების საკითხებზე.
ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე — გაციფრულების პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში გაცემული დიპლომების ციფრული ასლების გენერირებას და მათ საერთაშორისო აღიარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სამინისტროსა და უნივერსიტეტების პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გაძლიერების წინაპირობაა.
