ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „თსუ-ის მეცნიერების ფესტივალი 2025‘‘ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო.
ზვიად გაბისონიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, კონცეფციით გათვალისწინებულ სწავლებასა და კვლევას შორის კავშირების გაღრმავების საკითხებზე.
ფესტივალის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ, თსუ-ის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობაში, გაცნობოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ კვლევით პროექტებს და მოესმინათ თემატური ლექციები.
