საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს სასკოლო კონკურსს, სახელწოდებით „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“.
სასკოლო კონკურსში მონაწილეობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული პროექტების სახით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, პროექტებზე მუშაობის პროცესში გაეცნონ აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებს.
სასკოლო კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტები პოზიტიური გზავნილი იქნება ქართველი ახალგაზრდების მხრიდან აფხაზი ახალგაზრდებისთვის ნიშნად იმისა, რომ ჩვენი მიზანი მშვიდობიანი და პროგრესზე ორიენტირებული თანაცხოვრებაა.
სასკოლო კონკურსის მიზანია აფხაზეთის შესახებ - როგორც მისი ისტორიული წარსულის, კულტურის, ტრადიციის, ეთნოგრაფიის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
კონკურსის პირობები
კონკურსი ჩატარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის ფორმატშიც. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტებს ელექტრონულ ფორმატში, როგორიცაა მაგ: კონცეფცია, ესე, ვიდეორგოლი, ინტერვიუ (მოკლე ვიდეოჩანაწერი) და ა.შ.
სასურველია მოსწავლეთა ნამუშევრები გაფორმებული იყოს “აფხაზეთის ხმებით“ - შემდეგი ტიპის აუდიო მასალით: ხმოვანი კოლაჟი (ზღვა, ქარი, მატარებელი, ჩიტები და სხვ.), აფხაზეთით შთაგონებული მუსიკა, ფონური ხმები და სხვა.
შეფასების კრიტერიუმები
ა) პროექტის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
ბ) პროექტის შესრულების ტექნიკა/ ტექსტის გამართულობა;
გ) იდეის ორიგინალურად გადმოცემის უნარი.
კონკურსის ვადები და გამარჯვებულების გამოვლენა
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
დასკვნით ტურში მინისტრის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისია, განიხილავს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში (საბაზო და საშუალო საფეხურები), გამოვლინდება I, II, III ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.