საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო.
ორდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება.
ზვიად გაბისონიამ სამინისტროს სახელით თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს იუბილე მიულოცა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მონაწილეობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ახალი აკადემიური კავშირების ჩამოყალიბებასა და ქართული სამეცნიერო სივრცის საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებას.
სიმპოზიუმის ფარგლებში, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი.
სიმპოზიუმში უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიკარუ ფუჯიი და პარიზის ახალი სორბონის უნივერსიტეტის (Université Sorbonne Nouvelle – Paris 3) პროფესორი ალექსანდრ სტროევი.
25 სექტემბერს სიმპოზიუმი დასკვნითი პლენარული სესიითა და საზეიმო ღონისძიებით დასრულდება.