განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სკოლაში შექმნილ ვითარებაზე, სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებასა და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, მისაქციელის საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტული სკოლების ნუსხაში, თავად სკოლის მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა. სწორედ ამის შემდგომ გახდა აუცილებელი სკოლის შენობის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ექსპერტიზის ჩატარება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. თამარ მახარაშვილმა და რევაზ სოხაძემ შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა ოფიციალური შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.