ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო KIU-ს სხვადასხვა აკადემიური სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო და STEM პროექტები, ინოვაციური იდეები და ტექნოლოგიური მიღწევები. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტებს, ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის საგანმანათლებლო და შემეცნებით კუთხეებს.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ, KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება და რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა.