აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია მონაწილეობდა.
მინისტრის მოადგილემ მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფესტივალი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებას, თანამედროვე კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობას.
ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები და სამეცნიერო პანელები გაიმართა. ღია სივრცეში მოეწყო „მეცნიერების ქალაქი“ — სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, პარტნიორი ორგანიზაციების, სკოლებისა და კერძო სექტორის საქმიანობა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ლექციას ხელნაწერების შესახებ.
ღონისძიება მონაწილეთა დაჯილდოებითა და მუსიკალური პროგრამით დასრულდა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება და რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა. ასევე, უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.