
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი
ბათუმის საზღვაო აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აკადემიის ერთ-ერთი სასწავლო
კორპუსის რეაბილიტაციისათვის, 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური
პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 49 310 ლარი გამოიყო.
აღნიშნული თანხით განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.
ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოში
ერთადერთი უმაღლესი საზღვაო
სასწავლებელია, სადაც პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1621 სტუდენტი
სწავლობს.
2006 წელს პრეზიდენტის
ნაციონალური პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია“ ფარგლებში,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით (670000 ლარი)
აკადემიაში თანამედროვე ტიპის
საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საზღვაო სასწავლო საწვრთნელ-ტრენაჟორული
ცენტრი ამოქმედდა. შეძენილ იქნა 5530 ლარის ინვენტარი, 119610 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და 78584
ლარით შესრულდა ბიბლიოთეკის გაფართოების
სამუშაოები. აკადემიამ სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 18840 ლარის
ოდენობის გრანტი მოიპოვა და უახლესი საზღვაო კონვენციური,
სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურით შეავსო ბიბლიოთეკა.
გიორგი ჩახნაშვილის
განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა
ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობის თანამედროვე ევროპულ
სტანდარტებთან თავსებადობა, ყოველივე ეს, განახლებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად,
უზრუნველყოფს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას.