პრემიერ მინისტრის ინიციატივის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და რომელთა სარეიტინგო ქულა 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტოლი ან ნაკლებია 150000-ზე, დაუფინანსდათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1588 სტუდენტს, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდა 15015 სტუდენტს.
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის (COVIDD-19) გავრცელების პირობებში ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა და პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მიენიჭათ დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით. დაფინანსდა 35 პირი (დაფინანსების ოდენობამ 80 000 ლარამდე შეადგინა).