პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ მინიმუმ 5 წელი გაგრძელდება
გაზეთი: 24 საათი - 28 აგვისტო;
ავტორი : გვანცა კილასონია
2010 წლის ბოლომდე ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში 1000 ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს. ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ პროექტის ფარგლებში, უცხოელი პედაგოგები ქართველ ბავშვებს ინგლისურს შეასწავლიან. ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.
რა მიზანს ისახავს უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანა? რომელ სკოლებში ასწავლიან ახალი სასწავლო წლიდან? რამდენ ხანს დარჩებიან საქართველოში? როდემდე გაგრძელდება პროექტი? უცხოელ პედაგოგებთან დაკავშირებულ კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი, პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ უშუალო კოორდინატორი მაია სიფრაშვილი-ლი პასუხობს.
მაია სიფრაშვილი-ლი: ”რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ყოველი თვის შუა და ბოლო რიცხვებში სამინისტრო 50-100 პედაგოგს იღებს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მათ ათდღაინი საორიენტაციო ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგის კურსი მოიცავს მეთოდოლგიას, უსაფრთხოებისა და კულტურათაშორის განსხვავების საკითხებს. უცხოელები საქართველოში მათი ქვეყნისაგან განსხვავებულ კულტურულ თავისებურებებს ეცნობიან. ასევე უტარდებათ ქართული ენის გაკვეთილებიც. დაინტერესების შემთხვევაში, ქართულის შესწავლას ისინი სკოლებში გააგრძელებენ.
უცხოელები პროფესიონალი პედაგოგები არიან?
მათი უმეტესობა პროფესიონალი მასწავლებელია. დანარჩენებს კი სხვადასხვა ქვეყნებში არაერთ მსგავს პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული. სწორედ ამიტომ, ისინი მეთოდოლოგიის კურსს გადიან. ეს გულისხმობს თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაკვეთილები.
მასწავლებლები ეტაპობრივად ჩამოდიან, პირველ ეტაპზე რომელი რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან?
მასწავლებელთა პირველი ნაკადი 30 ივლისს, მეორე 14 აგვისტოს ჩამოვიდა. საორეინტაციო ტრენინგის დასრულების შემდეგ, პირველი ნაკადი აჭარაში გადანაწილდა. რატომ მაინცდამაინც აჭარაში, კითხვა ბევრს გაუჩნდა. 2010 წლის 1 მარტს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის შესახებ გამოაცხადა, დაინტერესებული უცხოელი პედაგოგები გვწერდნენ, რომ აჭარის შესახებ ინფორმაციას თავად ფლობდნენ და უმეტესობა იქ განაწილებას გვთხოვდა. ვინაიდან ისინი პირველი მოხალისეები იყვნენ, თხოვნა გავითვალისწინეთ და პროექტი აჭარიდან ამიტომ დავიწყეთ. პირველი ნაკადი ბათუმში, ხელვაჩაურში, შუა ხევში, ქედასა და ხულოში გადანაწილდა. აჭარის შემდეგ, პედაგოგები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლებს მოიცავენ.
2010-2011 სასწავლო წელს ყველა პედაგოგის ჩამოსვლა მოესწრება?
ცხადია, მათი ივლისის თვეში ჩამოყვანა იმ მიზნით გადაწყდა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ჩამოსვლა ყველას მოესწრო. გავითვალისწინეთ ისიც, რომ გაკვეთილების ერთობლივად დასაგეგმად ადგილობრივ კოლეგა პედაგოგებთან მუშაობის საკმარისი დრო ჰქონდეთ.
როგორ მოხდება მათი ერთობლივი სწავლება?
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოხალისეები კლასში მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ინგლისურენივან პედაგოგებთან ერთად შევლენ. ჩვენ ყველა ის სკოლა შევარჩიეთ, სადაც ინგლისური ისწავლება. ტრენინგების პერიოდში უცხოელებსაც ავუხსენით, რომ გაკვეთილის მსვლელობისას წამყვანი როლი ადგილობრივ მასწავლებელს ენიჭება. მოხალისეები მათ დაეხმარებიან, რომ ცოცხალი ენის საშუალებით ბავშვებმა უცხო ენა უკეთ აითვისონ.
მე პირადად ლინგვისტი გახლავართ თუმცა, ჩემი თეორიული და გრამატიკული ცოდნა არაფერი აღმოჩნდა, როდესაც პირველად უცხოელმა კითხვა დამისვა. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც უცხოელს ხედავ, გიჩნდება მოტივაცია ინგლისურად ისაუბრო. ბევრ ოჯახს არა აქვს საშუალება ენის ასათვისებლად შვილი უცხოეთში გაგზავნოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ბავშვს უზრუნველყოფს, რომ ინგლისური უცხოელთან უშუალო კონტაქტით ისწავლოს, რაც ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
არაერთხელ ითქვა, რომ უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლით ენას არა მხოლოდ ბავშვები ისწავლიან, პროექტი ჩვენი პედაგოგებისთვისაც მომგებიანი იქნება. შეხვდნენ ჩვენი და უცხოელი პედაგოგები ერთმანეთს?
უცხოელ პედაგოგთა უმეტესობა, საქართველოში მის ადგილობრივ კოლეგა პედაგოგის ოჯახში იცხოვრებს. ამის სურვილი ქართველმა პედაგოგებმა თავად გამოთქვეს. მათი მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ უცხოელთან ურთიერთობაში ენის ცოდნა კიდევ უფრო დახვეწონ, ზოგს შვილი ჰყავს და სურს მან შეისწავლოს ინგლისური. მოხალისეეების უმეტესობა ამერიკელია. ჩვენი პედაგოგების უმეტესობას ბრიტანული ინგლისური აქვს შესწავლილი. ამერიკული და ბრიტანული ინგლისური აბსოლუტურად სხვანადასხვაგვარად ჟღერს თუმცა, ჩვენი პედაგოგები მათ გამოთქმებს უკვე ეჩვევიან. ასე რომ, განწყობა ძალიან დადებითია.
რაც შეეხება გაკვეთილის დაგეგმვას, ეს საკითხი მთლიანად სკოლას მივანდეთ. სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია რომელ კლასებში ასწავლიან ისინი. ამაში სამინისტრო არ ერევა, რადგან დირექტორმა უკეთ იცის უცხოელი პედაგოგები რომელ კლასს მიამაგროს.
რას ფიქრობდნენ პედაგოგები საქართველოზე, როგორია მათი განწყობა?
პედაგოგთა პირველი ნაკადი, რომელიც აჭარაში დარჩა, პრეზიდენტსაც შეხვდა. ყველა მათგანი აღფრთოვანებულია. ამბობენ რომ აქაურმა სიტუაციამ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრს იდეებიც გაუჩნდათ, მაგრამ ავუხსენით, რომ ამ საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმდნენ. მაგალითად, სკოლებში სიმღერის, სპორტის, სხვადასხვა წრების გახსნა უნდათ. სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის კუთხით, სკოლებს წიგნებით, აუდიო საშუალებებით დაეხმარონ. მათი აქ ჩამოსვლაც სწორედ ამას გულისხმობდა, სწავლების პროცესში ეფექტური კლასგარეშე საშუალებები გამოიყენონ.
რამდენ ხანს დარჩებიან უცხოელი პედაგოგები საქართველოში და ზოგადად, რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი?
პროექტი მინიმუმ 5 წელი გაგრძელდება. მართალია, მასწავლებელები საქართველოში ერთი აკადემიური წლით დარჩებიან, მაგრამ თუ სურვილი ექნებათ, ხელშეკრულება გაუგრძელდებათ. მართალია, პროექტს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო ახლორციელებს, მაგრამ ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანა საქართველოს პრეზიდენტის იდეაა. მისი სურვილია მასწავლებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.