საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან, ბალაშ ჰანკოსთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში განათლების სფეროს განვითარების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. შესაბამისად, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს განათლების ინტერნაციონალიზაციაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.
მინისტრმა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრს საქართველოს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უნგრეთთან პარტნიორობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა ბალაშ ჰანკოს თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა დღითიდღე ძლიერდება, სწორედ ამის დასტურია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში გაიმართა.
თავის მხრივ, ბალაშ ჰანკომ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვა.