განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსსა და დამსახურებულ მეცნიერს, ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს.
გივი მიქანაძე: „მინდა, დიდი პატივისცემით მოგილოცოთ 75 წლის იუბილე.
გამორჩეული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში. მართლაც ფასდაუდებელია ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განვითარებაში თქვენი როლი. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია არაერთი ნაშრომი და ის პროექტები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებისთვის განახორციელეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.”
