საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთში, ქალაქ აპარანში განხორციელდა პროექტი - „სომხეთ-საქართველოს ახალგაზრდული შეხვედრა“.
სამდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას, ასევე, ინტერკულტურული გაცვლის, ლიდერული უნარების განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „ახალგაზრდული პოლიტიკა სომხეთსა და საქართველოში - ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მიიღო მონაწილეობა.
ბაია კვიციანმა ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანმა, ასევე საქართველოს და სომხეთის ახალგაზრდული დელეგაციების წარმომადგენლებმა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს არაფორმალური განათლების სამუშაო შეხვედრებსა და ჯგუფურ დისკუსიებში, ჩაერთნენ ინტერაქტიურ აქტივობებში, ასევე გაიმართა ინტერკულტურული საღამო, მოეწყო საგანმანათლებლო ვიზიტები ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებთან - საქმოსავანკსა და ჰოვანავანკში.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა სომხეთიდან და საქართველოდან.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს, გუნდის ლიდერებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადაეცათ.