საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის – ADA-ს უნივერსიტეტის რექტორ ჰაფიზ ფაშაევთან.
მხარეებმა საუბრისას უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ რექტორს უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია მუშაობს. მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებაა დაგეგმილი და უახლოეს მომავალში უკვე საზოგადოებას დეტალური კონცეფცია წარედგინება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მათ შორის, ორმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და თემატური საზაფხულო სკოლების ჩატარებას.
საუბარი ასევე შეეხო ADA-ს უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსების საკითხს და ამ მიმართულებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების აქტიური ჩართულობით, მუშაობის დაწყებას.
ჰაფიზ ფაშაევმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მზაობა დაუდასტურა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.