ქალაქ რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე – თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით ახალი ტექნოლოგიური სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თამარ მახარაშვილის თქმით, ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის მოტივაციის გაზრდა როგორც სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცის პრეზენტაცია, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად წარადგინა. ჰაბი სამ ძირითად მიმართულებას – მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას – სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრსა და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს.
მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია – Smart City პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და მუნიციპალურ სერვისებში ციფრული პლატფორმების დანერგვას, მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებას, ურბანულ მართვაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვითი პროცესების მონიტორინგს ისახავს მიზნად.
მეორე ძირითადი მიმართულება, რომელიც რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში იმუშავებს, საგანმანათლებლოა. პროექტი სრულფასოვან საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს და ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. განათლების პროგრამები ინტერაქციული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებს აერთიანებს.
პროექტის მესამე მიმართულება, საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ინკლუზიური სამუშაო გარემოა შექმნილი. ხელმისაწვდომია სასწავლო დარბაზები, დასასვენებელი ზონა და ციფრული ბიბლიოთეკა. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე, ახალგაზრდების ძირითად ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს. აგვისტოში, კი ტექნოლოგიურად აღჭურვილი ახალი სივრცე მსურველებს, ქართულ ინოვაციურ ჰაბთან (Nebula AI Hub) ერთად, AI ტრენინგ კურსზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე ელოდება.