საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კომპანია Cintara Education-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს ჩაგრი ბაღჩიოღლუსა და ამავე კომპანიის სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით გლობალურ მმართველ დირექტორს ფრანცისკო გუტიერასს შეხვდა.
მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო სტუდენტების მობილობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის საერთაშორისო პარტნიორობის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობას, საუკეთესო მსოფლიო გამოცდილებებსა და ხედვებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერებისთვის.
სტუმრებმა მინისტრს არიზონას უნივერსიტეტის მიმდინარე პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან უკვე არსებული კავშირების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, არიზონას უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე აქვს გაფორმებული ერთერთ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
არიზონას სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ბოლო წლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და აღნიშნეს, რომ ეს ქმნის კარგ შესაძლებლობებს როგორც საერთაშორისო სტუდენტთა მობილობისთვის, ასევე არაერთი პროექტის განსახორციელებლად.
თავის მხრივ, გივი მიქანაძემ არიზონას უნივერისტეტის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით სრული მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიორგი ხუროძე და ამავე უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტი ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებში, ნათია ზედგინიძე ესწრებოდნენ.