საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტომ პროგრამის – „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტის – „უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღეს.
პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაციის 3-წლიანი საგრანტო პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
აღნიშნული პროექტი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას კვალიფიციური კადრების მომზადებით, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებას, ასევე, ინსტიტუციური სისტემის შექმნას და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მდგრად განვითარებას. საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით. უნარებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირებით და ინოვაციური მიდგომების დანერგვით.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,285,424 მილიონ ლარს შეადგენდა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი მაგდა ბოლოთაშვილი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის უფროსი ბექა თაგაური, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს და კოლეჯების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.