მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართვლოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზედობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილთან და ერთად მეცნიერების ფესტივალი ბათუმში გახსნა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მეცნიერების კუთხით სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
უმნიშვნელოვანესია, რომ მეცნიერების ფესტივალ ერთ სივრცეში აერთიანებს სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს და მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები.
მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიული გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.
ხაზგასასმელია, რომ ფესტივალის განმავლობაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ პირდაპირი კავშირი დაამყარონ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებას, რეგიონების ჩართულობის გაზრდას და სამეცნიერო იდეების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.