განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რექტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების კუთხით, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომაზე, რომელიც რექტორთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეებმა კონფერენციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.