საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ახალგაზრდების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამეუფეო მდივანი დეკანოზი მამა იოანე ხეცურიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მინისტრის ინიციატივით, პედაგოგთა დაჯილდოების მსგავსი ღონისძიებები ყველა რეგიონში 10 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო ფინალური ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება.
