საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მასწავლებლებს სერტიფიკატებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სწორედ მათ აღუზარდეს ქვეყანას მრავალი ღირსეული თაობა, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ასახელეს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანტონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გრძელდება. ის მიზნად ისახავს პედაგოგთა წახალისებასა და მათი შრომის დაფასებას.
პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჯილდოვდებიან, 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან.