საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას თითოეულ მასწავლებელს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
პედაგოგებს სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ბექა ღვაჩლიანმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
