საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე პარტნიორობა და ისაუბრეს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში, მათ შორის — ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით.
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მიიჩნევა ტრანსნაციონალური განათლების (TNE) განვითარების პროცესში. აღნიშნული მოდელის ფარგლებში ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტები თანამშრომლობენ ქართველ უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც საქართველოს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყანაში მიიღონ ბრიტანული ხარისხის განათლება.
მომავალში დაგეგმილია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, რაც მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე.