საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა და კოლეჯ „მერმისში“ მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო.
მინისტრის მოადგილე ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
2025 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 12 ოქტომბერს ატარებს.
ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს გამოცდებზე რეგისტრირებულია 8 200-ზე მეტი მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია ტესტის შესახებ, მათ შორის ნიმუშები. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.
აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება. საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მსურველები ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნენ სისტემას.