განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას, ასევე მეცნიერების სფეროში პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებსა და ახალგაზრდობის კუთხით ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ სერბეთის რესპუბლიკის ელჩს განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
თავის მხრივ, ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
