ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მიიღო.
ლევან ღირსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, რეგიონის განვითარების კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
ლევან ღირსიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის და აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა გერარდ კრამერმა და KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა.
კურსდამთავრებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ. გამოსაშვები ცერემონიის შემდგომ კი, საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების ხელმძღვანელები, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს ქართველი და უცხოელი პროფესორები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.