საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე: მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვაზე სწავლა-სწავლების პროცესში, აგრეთვე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარეობს კვლევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლო რისკებისა და გამოწვევების შესახებ. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიზანია, აღნიშნული პროცესი განხორციელდეს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეთიკური პრინციპებისა და სტანდარტების დაცვით.
კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსია - „ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობები და საფრთხეები“ - კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა ექსპერტებმა ვრცლად იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებსა და მის გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, სადაც ინფორმაციის ავთენტურობის განსაზღვრა სულ უფრო რთულდება. დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში.
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.