საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „კულტურათაშორისი დიალოგები“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით მიმართვისას ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს სწავლების პროცესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას, ცოდნის შეფასების გაუმჯობესებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას.
კონფერენციის მონაწილეებმა სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიმართულებები და განათლების თანამედროვე ტენდენციები განიხილეს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა.
