საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში.
ბაია კვიციანმა სიტყვით გამოსვლისას ხარისხიანი, ინკლუზიური და ბავშვზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტმა ანა ბერძენაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დუგლას ფიშერმა.
კონფერენციის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტების გუნდის ხელმძღვანელმა ნენსი ფრაიმ და პროფესორმა ჯეიმს მარშალმა მონაწილეებს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და ძირითადი მიგნებები გააცნეს.
ყოველწლიურ კონფერენციაზე გამართულ სესიებზე ასევე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მენტორინგის მოდელი, საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტი გაძლიერების სქემა, ადრეული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ხედვა, განახლებული კურიკულუმი და ბავშვის განვითარების შეფასების სისტემა.
გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მუნიციპალიტეტების, საბავშვო ბაღების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმა წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები და განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები.
მესამე ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.