საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
თამარ მახარაშვილმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ამ კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მინისტრის მოადგილისგან მიეღოთ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება.
