საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, მაჟორიტარ-დეპუტატებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად, დედაქალაქის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.
გივი მიქანაძის თქმით, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რაც მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.
მხარეებმა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იმ სკოლების ჩამონათვალზე იმსჯელეს, რომლებიც რეაბილიტაციას ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას პირველ რიგში საჭიროებს.
შეხვედრების ფარგლებში მიღებული უკუკავშირებისა და გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს.
თბილისის სკოლებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.