საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ჩინეთის ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის (HUE) პრეზიდენტს, ჟენგ ჯუნს და უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე ბაია კვიციანმა ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.
ჰუბეის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ნაბიჯებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ჩინური ენის სწავლების განვითარებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა ჰუბეის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი და გაცვლითი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩინეთის ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
