საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ თემას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები, ასევე ახალი რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მის მიზანს წარმოადგენს განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.