განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტი „პროფესიული განათლების პროგრამა 1“-ის მიმდინარეობა, რომელიც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და თბილისში მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულებით ექსელენს ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილემ გერმანულ მხარეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.
ბაია კვიციანმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს.
