
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იერუსალიმში გამართულ ხელოვნური
ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში „EducAItion 2026‘‘ მიიღო მონაწილეობა, რომელიც
ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ კიშმა გახსნა.
გივი მიქანაძემ განათლების
სისტემის განვითარების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის
გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა
და მეცნიერების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,
რომ ქართული მხარისთვის ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ღირებულია.
კონფერენციის ფარგლებში
გივი მიქანაძემ და იოავ კიშმა ორმხრივი შეხვედრა
გამართეს და ერთმანეთს განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომებისა და ხელოვნური
ინტელექტის ინტეგრირების კუთხით გამოცდილება გაუზიარეს.
გივი მიქანაძემ მადლობა
გადაუხადა იოავ კიშს მასპინძლობისთვის და ისრაელის განათლების მინისტრი საქართველოში
მოიწვია.
კონფერენცია, რომლის
მთავარი თემა იყო განათლების პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ისრაელის
განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 20-მდე ქვეყნის
განათლების მინისტრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და წამყვანი
ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციის მიზანია
გამოცდილების გაზიარება, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების შემუშავება
განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი და პასუხისმგებლობიანი გამოყენებისთვის,
ასევე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება.