მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, კანონისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება და დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება. ამასთანავე, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავების კუთხით.
მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახური სკოლებში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ სამართლებრივ განათლებას უზრუნველყოფს, რაც მათი დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.
მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო სხვადასხვა იურიდიულ თემაზე პროფესიონალი იურისტებისგან მიიღონ ინფორმაცია.
