საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად საჯარო სკოლებში არსებული საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტის „სამხედრო საქმე“ მიმდინარეობა განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში საგნის სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწის, სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის საჭირო კამპანიების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.
თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ჩატარებული გაკვეთილები ხელს უწყობს როგორც მოზარდთა ინტერესის ზრდას თავდაცვის სფეროსადმი, ასევე მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თავის მხრივ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, გაფართოების გეგმასა და არსებული სახელმძღვანელოებისა თუ სხვა სასწავლო რესურსების დახვეწასა და განვითარებაზე.
„სამხედრო საქმე‘‘ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ხორციელდება საჯარო სკოლებში. პროექტის მიზანს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება წარმოადგენს. 2025-2026 სასწავლო წელს აღნიშნულ საგანს ქვეყნის მასშტაბით 138 საჯარო სკოლაში 70000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სასწავლო პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან თადარიგში მყოფი და მოქმედი 107 ოფიცერი წარმართავს.