საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ სარა ბინთ იუსეფ ალ ამირს შეხვდა.
მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მინისტრები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელთა წარმომადგენლები უახლოეს მომავალში პირველ შეხვედრას გამართავენ.
გივი მიქანაძემ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძეს სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის კუთხით გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმში ცვლილებებს შეიტანენ. დოკუმენტს მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.
