სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, დაათვალიერა.
გივი მიქანაძე სასწავლო პროცესს გაეცნო და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი გრძელდება, ვიდრე ყველა სკოლაში არ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე სასწავლო გარემო. ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია უშაფათის საჯარო სკოლა.
მიმდინარე სემესტრში ჩვენ კიდევ 20-მდე საჯარო სკოლას გავხსნით. პარალელურად, 100-მდე სკოლაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 200 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
გივი მიქანაძესთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.