ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიმდინარეობის, სამუშაოების ხარისხისა და იმ ფაქტორების განხილვას, რომლებიც პროექტების დროულ განხორციელებასთან არის დაკავშირებული. კომისიის წევრებმა მოისმინეს შესრულებული სამუშაოების ანგარიშებიც.
სხდომაზე ხაზი გაესვა პროცესში ჩართულ უწყებებს შორის სათანადო კოორდინაციის მნიშვნელობას, რამაც უნდა უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმილ ვადებში ეფექტიანი მშენებლობა-რეაბილიტაცია.
უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
